იტვირთება

მოძებნე აქ

საზოგადოება

ინფიცირების სამ შემთხვევაში, ლუგარის ლაბორატორიამ ვირუსის გენეტიკური ხაზის მეშვეობით დაადგინა, შემთხვევა რომელ ქვეყანასთან იყო დაკავშირებული

mako gomarteli March 25, 2020
გაზიარება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირების სამ შემთხვევაში, ლუგარის ლაბორატორიამ ვირუსის გენეტიკური ხაზის მეშვეობით დაადგინა, შემთხვევა რომელ ქვეყანასთან იყო დაკავშირებული. ამის შესახებ მან კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე, მიკვლეულია თუ არა მარნეულის შემთხვევის ინფიცირების წყარო და ამ პროცესში ჩართული არიან თუ არა ძალოვანი უწყებები, პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ როცა საჭიროა, მათ ყველა უწყება ეხმარება.

„რაც შეეხება ინფიცირების წყაროს, ამაზე მიმდინარეობს კვლევა. სხვათა შორის, საინტერესოა, რომ რამდენიმე შემთხვევაში, როდესაც ინფექციის ზუსტი წყარო არ ვიცოდით, სეკვენირება მოხდა. ლუგარის ცენტრს აქვს შესაძლებლობა, ვირუსის გენეტიკური სეკვენსი მოახდინოს. სამი შემთხვევაა უკვე, როდესაც ჩვენ არ ვიცოდით ინფექციის ზუსტი წყარო. ადამიანი ასახელებდა, რომ მას ჰქონდა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან შეხვედრები და ამ სამივე შემთხვევაში ჩვენ შევძელით, ვირუსის გენეტიკური ხაზის მიხედვით დაგვედგინა, თუ რომელ ქვეყანასთან იყო ის კავშირში.

ასე რომ, ეს გაგრძელდება. სამწუხაროდ, ზოგიერთი ქვეყნის გენეტიკური ხაზები ჯერ ატვირთული არ არის მსოფლიო ბაზაში. ამის შესაძლებლობა ყველა ქვეყანას არ გააჩნია. ჩვენ ამის შესაძლებლობა გვქონდა და ამას ვაკეთებთ. მაგალითად, ირანის ხაზებთან პირდაპირ ვერ შევადარეთ ჩვენები, რადგან ირანს არ აქვს ატვირთული გენეტიკური ხაზები თავიანთი ვირუსების და კანადაში რომ ირანელი იყო დასნებოვნებული, იმის გენეტიკურ ხაზს შევადარეთ. ამით დავადასტურეთ, რომ ნამდვილად ირანიდან იყო შემოსული ეს ვირუსი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.